ბლოგის ამ სერიაში ვერ გეტყვით ვიზანა მხსნელია თუ დამღუპველი, თუმცა გპირდებით, რომ ყოველი თვის ბოლოს გულწრფელად გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას!
თითქმის ათი თვე გავატარე ისე, რომ არანაირ მედიკამენტს არ ვიღებდი ენდომეტრიოზის სიმპტომების შესამცირებლად, წესით ნაკლები დროით გამომიშვა ექიმმა კაბინეტიდან ბუნებრივ პირობებში ჩემს კისტებზე დასაკვირვებლად და შესამოწმებლად გაიზრდებოდნენ ზომაში თუ არა, თუმცა პანდემიამ თავისი ქნა და სანამ გაუსაძლისმა ტკივილმა მთელი თვიდან მინიმუმ სამი კვირა არ დაიკავა, ვერ მივაღწიე გინეკოლოგამდე. აღმოჩნდა, რომ ბუნებრივ პირობებში ჯერჯერობით არ აგრძელებენ ზრდას და არც შემცირებას გეგმავენ, ცხადია, თუმცა რომ არ გაზრდილან, ესეც დასაფასებელია, მაგრამ არც იმდენად რომ ისე ცხოვრება გამეგერძელებინა, როგორც უკვე აღარ შემეძლო. 5 თვე მაინც გავატარე ტკივილის მენეჯმენტში, დღეში რამდენჯერმე ვსვამდი გამაყუჩებელს, ზოგჯერ დილიდან არ შემეძლო საწოლიდან ადგომა (სამსახურში სიარულიც არ მიწევდა და საწოლიდან ვმუშაობდი ან დღის პირველ ნახევარში, ეგეც არ შემეძლო ხოლმე) და თვის განმავლობაში სულ რამდენიმე დღე იყო, როცა საერთოდ არ ვსვამდი. შევთანხმდით, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა.
მანამდე ორჯერ ვცადე, სხვადასხვა კონტრაცეპტივებით მკურნალობა, თუმცა ისეთი საშინელი გვერდითი ეფექტები მქონდა, რომ მალევე მომიწია შემეწყვიტა და სხვა მეთოდისთვის მიმემართა. ყველა მკურნალობის მინუსი გვერდითი ეფექტებია, თორე რამდენიმე თვით თითქმის ყველა ჰორმონი ახერხებს ტკივილის შეკავებას. მოკლედ შევთანხმდით ვიზანაზე, რომელზეც მანამდე ბევრი მსმენია და რომელიც კონკრეტულად ენდომეტრიოზის სამკურნალოდ გამოიყენება და არა სხვა რაიმე მიზნით, საბედნიეროდ, სადაზღვევოს ანაზღაურებადი მედიკამენტების სიაშიც აღმოჩნდა.
როგორც წესი, თუ ექიმი გასაგებად მიხსნის ხოლმე მედიკამენტის მოქმედებას, რა მოლოდინი გვაქვს მისგან, რა ფუნქცია უნდა შეასრულოს წამალმა, რამდენ ხანში შევაფასოთ შეეგუა თუ არა ჩემი ორგანიზმი და ა.შ. წამლების ანოტაციებს (თანაც რუსულ ენაზე -_- ) არ ვკითხულობ ხოლმე და ვცდილობ წინასწარ არ განვეწყო, რომ მაინცდამაინც ყველა გვერდითი ეფექტი მე გამომივლინდება, თუმცა ნურას უკაცრავაააად!
ვიზანას დაწყებიდან მაქსიმუმ ათ დღეში იმხელა დისკომფორტი შემექმნა, რომ ყველა ანოტაცია წავიკითხე, ყველა ქალის გამოცდილების შესახებ მოვისმინე, რომელსაც ეს მედიკამენტი მოუხმარია, გუგლის ყველა გვერდი ავიარე და ჩავიარე რამდენჯერმე პასუხების მისაღებად და შესაძლო გვერდითი ეფექტებიდან თითქმის ყველა გავამწვანე და რაც უფრო დრო გადიოდა, მით უფრო მეტად იზრდებოდა მათი გამოვლენის რიცხვი ჩემს ორგანიზმში და იკლებდა ტკივილი.
ვიზანა და მისი ეფექტები:
- მკერდის ტკივილი
- სფოთინგი / ზოგჯერ სისხლდენა
- წელის ტკივილი
- ვაგინალური სიმშრალე
- თვალების სიმშრალე
- სპაზმები (cramps)
- მუდმივი დაღლილობა და უენერგიობა
- დეპრესია (თავიდან უმიზეზო ტირილით დაიწყო)
- აკნე (რომელიც უდიდესი ბრძოლის შედეგად მოვიშორე ერთი წლის წინ)
უსასრულოდ ვგუგლავდი, ვკითხულობდი ამ წამლით ჩატარებული კვლევების და სხვა ქალების გამოცდილების შესახებ და მხოლოდ იმის გაგება მინდოდა, რამდენ ხანში უნდა დავნებებოდი და მეთქვა, რომ აღარ შემიძლია და ვერც ამ წამალს გავუძლებ. პირველი ერთი თვის განმავლობაში იყო დღეები, როცა უბრალოდ ვერ ვდგებოდი, როგორც დავწვებოდი დილით სამუშაოდ, ისე ვატარებდი მთელ დღეს, მტკიოდა წელი, მკერდი ამ ტკივილებს ემატებოდა ისეთი დაღლილობის განცდა, რომელშიც არც ერთი კუნთი არ მემორჩილებოდა. ვცდილობდი, ყოველდილით მევარჯიშა და ენერგიულად დამეწყო დღე, თუმცა მატზევე ვხვდებოდი, რომ “ამ დღიდანაც არაფერი გამოვა” და ეს იქნება ერთადერთი აქტივობა, რომელსაც შევძლებ, დანარჩენ დროს კი გაუნძრევლად ვიწვები და ხან ვიმუშავებ და ხანაც ვიტირებ.
რომ ვგუგლავდი, ყველა პაციენტის გამოცდილება განსხვავებული იყო, თუმცა ერთი მაინც ყველას აერთიანებდა – რაღაც დროის შემდეგ ამ გვერდითმა ეფექტებმა იკლო, განელდა და ზოგი გაქრა კიდეც. ზოგი ქალის შემთხვევაში პირველივე თვეს, ზოგს სამი თვე დასჭირდა, მაგრამ უმეტეს შემთვხევებში გაუმჯობესება ყველას ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საერთოდ ვერ შეეგუა ორგანიზმი ამ ჰორმონს, რაც დალოდების გარდა, კიდევ როგორ უნდა გამეგო არ ვიცოდი. ვიზანა არ გამოდგა იდეალური, მაგრამ ისევ წარსულში დაბრუნება არ მინდოდა.
იხილეთ ასევე – ვიზანას ორი თვე