ვიზანას სამი თვე გავიდა და მას შემდეგ რაც, ვიზანას პირველი და მეორე თვეები გავაზიარე ბლოგზე, დიდი დრო გავიდა და უკვე მეოთხე შეკვრას ვსვამ. რაღაც გვერდით ეფექტები გადალახა ჩემმა ორგანიზმმა, რაღაც ეფექტებს შეეგუა და ზოგს ვერც შეეგუა. ასევე ჯერჯერობით არ ივიწყებს იმ პერიოდს, როცა ოვულაციის და მენსტრუაციის პერიოდია (როცა ყველაზე, ყველაზე მძიმე იყო ტკივილი) და მახსენებს ხოლმე თავს და მიქმნის ხან მცირე და ხან ოდნავ ნაკლებად მცირე დისკომფორტებს :დ თუმცა! მაინც რა შედარებაა იმ დაუსრულებელი ყრუ ტკივილის თვეებთან, რომლებიც ვიზანას დაწყებამდე გამოვიარე.
გვერდითი ეფექტებიდან დარჩენილია:
- დაღლილობა
- დეპრესია
- მკერდის ტკივილი
- სფოთინგი
- endo belly
- თვალების სიმშრალე
წინა პოსტში ვახსენე, რომ დაღლილობას და უენერგიობას ვერაფრით ვშველიდი, რის შემდეგაც ჩემმა გინეკოლოგმა ალფაპროტექტი დამინიშნა, რომელსაც ერთი თვე ვსვამდი. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე დრამატული განსხვავება მომცა, თუმცა უფრო მეტი ენერგია ნამდვილად მქონდა ვიდრე, მეორე და განსაკუთრებით პირველ თვეებში.
მესამე თვის ბოლოს ექიმთან ვიზიტი მიწევდა, ვიზანას რეცეპტსაც ვადა გასდიოდა და უნდა გვემსჯელა გავაგრძელებდი თუ არა მკურნალობას. გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ კიდევ ღამის კოშმარად მახსოვს ტკივილთან ბრძოლა და ბოლო თვეებია აღარ მჭირდება ტკივილგამაყუჩებლების მომარაგება, შევთანხმდით, რომ კიდევ სამ თვეს გავაგრძელებ ვიზანას მოხმარებას, შემდეგ ისევ შევხვდებით და ვაგინალური ექოსკოპიის მეშვეობით გადავამოწმებთ საკვერცხეებში არსებული კისტების ზომას და გადავწყვეტთ, როგორ ვიმოქმედოთ მომავალში.
რაც შეეხება ვიზანას დისკომფორტებს, როგორც ექიმმა ამიხსნა, სრულიად დამახასიათებელია პროგრესტერონისთვის ამ ეფექტების მოხდენა ორგანიზმზე და ამ გვერდითი ეფექტების შესამსუბუქებლად გამომიწერა ომესამი დ3 (omesam d3) და ელკარნიტინი (l’carnitine). შემდეგ თვეში გავაზიარებ ამ მედიკამენტების ეფექტებს ჩემი ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე, დაღლილობასა და დეპრესიულობაზე ანუ იმ სიმპტომებზე, რომელთა დასამარცხებლადაც ერთვებიან საქმეში ეს წამლები.
იოგას ვარჯიშიც შეწყვეტილი მაქვს ბოლო ორი კვირაა, იმედია მალე მოვიკრებ ძალებს და გავაგრძელებ.
ასევე იმის გამო, რომ ვიზანას შედეგი ამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის, თუმცა დისკოფმორტები მაინც ბევრი ახლავს, მირჩია, დავფიქრდე მირენაზე, რომელიც იგივე ჰორმონს პროგესტერონს, უფრო სწორად სინთეტურ პროგესტერონს – პროგესტინს შეიცავს და ნაკლები სიმძაფრე აქვს, რადგან დასალევი აბი არ არის. ვგეგმავ, რომ მოვიძიო ინფორმაცია მირენასთან დაკავშირებით, სხვების გამოცდილებაც მოვისმინო და შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება, ჯერჯერობით კარგად ჟღერს. ბლოგზეც აუცილებლად გავაზიარებ რასაც მოვიძიებ და რა თქმა უნდა, ჩემს გადაწყვეტილებასაც მოგახსენებთ.
თუ გაქვთ მირენას მოხმარების გამოცდილება, იქნებ კომენტარად დამიტოვოთ თქვენი შეფასებები.
ასევე, ვიზანასთან დაკავშირებით აღმოვაჩინე რამდენიმე ფაქტი, რომელიც ვფიქრობ თქვენთვისაც შეიძლება საინტერესო იყოს:
- აფთიაქებში “ვიზანი” რატომღაც ამ დასახელებით აქვთ გატარებული და თუ უჟმური ფარმაცევტი შეგხვდათ, შეიძლება დაზღვევის მიერ გამოწერილი “ვიზანა” არ მოგყიდოთ 😀
- ბოლო თვეში პსპ-ს ქსელში აღარ აქვთ ვიზანა და თუ დაზღვევით მეტი ფასდაკლება გქონდათ ამ აფთიაქში, ჯერჯერობით ცუდი ამბავი მაქვს, იმედია შემოიტანენ.
- ენდომეტრიოზის ჯგუფში ერთმა გოგომ გაგვიზიარა, რომ ფორმა 100-ს საფუძველზე ჯიპისის აფთიაქში შესაძლებელია ვიზანას 65 ლარად შეძენა თუ 2-3 კვირას დაელოდებითო << გადავამოწმე ჯიპისის ცხელ ხაზზე და არსებობს აფთიაქები, რომლებიც ფორმა ასის საფუძველზე ემსახურებიან კლიენტებს, ასეთი ტიპის აფთიაქებში ფორმა ასის წარდგენისას ნამდვილად მიიღებთ ფასდაკლებას.
ვიზანას სამი თვე შესრულებულია – რუბიკონი გადალახულია, ვნახოთ რას შემოგვთავაზებს ჩემი ენდო შემდეგ თვეებში!